ტაილანდი

ტაილანდის პრინცესას პრემიერმინისტრის პოსტზე კენჭისყრაზე უარი უთხრეს

Reuters

ტაილანდის პრინცესას, მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის უფროს დას, 67 წლის უბოლრატანა მაჰიდოლს პრემიერმინისტრის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

ტაილანდის საარჩევნო პანელმა მას დისკვალიფიკაცია სამეფო ოჯახის წევრობის გამო მისცა.

"სამეფო ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება წესი, რომ მონარქი პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს და პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს." ნათქვამია პანელის განცხადებაში.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა უბოლრატანა მაჰიდოლის ძმამ, მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნმა სატელევიზიო განცხადებაშიც. მისი თქმით სამეფო ოჯახის წევრის პოლიტიკაში წასვლა შეუფერებელი და არაკონსტიტუციური საქციელია.

შეგახსენებთ, რომ პრინცესას კანდიდატურა ყოფილი პრემიერმინისტრის, თაკსინ შინავატრას პარტიამ წამოაყენა.

ტრადიციულად ტაილანდის სამეფო ოჯახი პოლიტიკაში არ ერევა და ეს პირველი მსგავსი პრეცენდენტი იქნებოდა. პრინცესა 1972 წელს ცოლად ამერიკელს გაჰყვა, ტიტულზე უარი თქვა და აშშ-ში გადავიდა. განქორწინების შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა სამეფო ოჯახს. ის სოციალურ მედიაში აქტიურობს და რამდენიმე ტაილანდურ ფილმშიც მიუღია მონაწილეობა.

არჩევნები 24 მარტსაა დანიშნული და მას ტაილანდის შანსად განიხილავენ, რომ ქვეყანა 5 წლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ დემოკრატიას დაუბრუნდეს.

კენჭს იყრის მოქმედი პრემიერმინისტრი პრაიუთ ჩან-ოჩაც. კიდევ ერთი კანდიდატი იქნება გენერალი, რომელიც 2014 წელს სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა.

კომენტარები