აშშ

ვირჯინიის გუბერნატორი რასიზმის ბრალდებების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს

რალფ ნორსჰემი
AFP

ვირჯინიის გუბერნატორი დემოკრატი რალფ ნორსჰემი რასიზმის ბრალდებების მიუხედავად თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

მას გადადგომისაკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც გავრცელდა 1984 წლის კოლეჯის გამოსაშვებ ალბომში დაბეჭდილი ფოტო, რომელშიც ერთ-ერთ პირს კუ კლუქს კლანის ფორმა აცვია, ხოლო მეორეს სახე შავად აქვს შეღებილი.


ფოტო: GETTY IMAGES

თავდაპირველად ნორსჰემმა ბოდიში მოიხადა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ფოტოზე თავად არ არის. ნორჰემის თქმით სახე შავად სხვა დროს, მაიკლ ჯექსონის განსასახიერებლად შეიღება, თუმცა ამ ფოტოზე თავად არ არის.

ნორსჰემის თქმით მან ამ შემთხვევისაგან კარგი გაკვეთილი მიიღო და ის არის ის ადამიანი, ვინც ვირჯინიის შტატს ახლა სჭირდება, ამიტომ გადადგომას არ აპირებს.

"ვირჯინიას ახლა სჭირდება ადამიანი, რომელსაც განკურნება შეუძლია. ვინ არის ამისათვის ექიმზე უკეთესი. ვირჯინიას ასევე სჭირდება ძლიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ემპათია, გამბედაობა და მორალური კომპასი. სწორედ ამიტომ, არსად წასვლას არ ვაპირებ." თქვა მან CBS-ის ეთერში.

მსგავსი ბრალდებები ნორსჰემის მოადგილესაც წაუყენეს. მარკ ჰერინგმა აღიარა, რომ 19 წლის ასაკში ყავისფერი მაკიაჟი ეკეთა. შტატის ვიცე გუბერნატორს კი სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ჯასტინ ფეირფაქსი ბრალდებებს უარყოფს.

სამივე მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

დემოკრატიულმა პარტიამ ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათ გუბერნატორ ნორსჰემს საშუალება მისცეს სწორად მოიქცეულიყო და თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ის უარს ამბობს. ნორსჰემს გადადგომისაკენ ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მოუწოდა.

ნორსჰემმა პოსტი ერთი წლის წინ დაიკავა და მას კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი.

კომენტარები