ესპანეთი

მადრიდელებმა კატალონიელებისთვის მოლაპარაკებების შეთავაზება გააპროტესტეს

Reuters

ათობით ათასი ადამიანი მადრიდის ქუჩებში გამოვიდა და ესპანეთის მთავრობის მხრიდან კატალონიასთან პოლიტიკის შერბილება გააპროტესტა.  

აქციები მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. 

პარტიებმა The Popular Party (PP) და Ciudadanos (მოქალაქეები) საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყეს, რაც პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სეპარატისტებს მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და მოლაპარაკებები შესთავაზა. 

აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების თქმით, ეს ღალატი და დანებებაა

თუმცა, კატალონიელმა სეპარატისტებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს. 

აქციაზე გაკეთდა განცხადებები კატალონიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგაც. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები კი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. "გაერთიანებული ესპანეთისთვის. არჩევნები ახლავე". 

საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა 45 000-მა ადამიანმა მიიღო. 

კატალონიელმა ნაციონალისტებმა ძალაუფლება მაისში დაიბრუნეს, მადრიდის მხრიდან პირდაპირი მმართველობის 7 თვის შემდეგ. თუმცა, დაძაბულობა კვლავ მაღალია. 

2017 წლის 1-ლ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა, ის ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

მადრიდმა კატალონიის მთავრობა დაითხოვა და ავტონომია შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 2017 წლის 21 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს.

კომენტარები