შენგელია: იას მოუწყვეს მორალური სასამართლო, ბატონო მინისტრო, თქვენ დედა გყავთ?

არ მოგატყუებთ და დღემდე, ამ სხდომამდე, მქონდა იმედი, რომ [განათლების მინისტრი] ან შეცდომას დაარქმევდა ამას, ის იტყოდა, რომ კანონი დაარღვიეს მისმა მოხელეებმა და, შეიძლება, ის ამას გამოიკვლევდა, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ მთელ ამ პროცესზე ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტად რომ მორალური სასჯელი იყო. ის სასჯელი, რომელიც მან ვერ გადაიტანა.

ის არის ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა განათლების სისტემას... მისთვის ყველაზე მძიმე ზუსტად ეს მორალური და ემოციური ნაწილი აღმოჩნდა, რომ თქვენ, თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა ერთერთ ყველაზე ღვაწლმოსილ ადამიანს, ვინც ზუგდიდში ცხოვრობს. მან ვერ აიტანა ზუსტად თქვენგან ის, რომ მას ასე დაუნდობლად ექცეოდა სისტემა...

... მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, როდესაც მორალზე საუბრობთ, პოლიტიკური ქულები ზუსტად ის არის, როდესაც ვიღაცას ლაპარაკის უფლებას არ ვაძლევთ, მე მაქვს ლაპარაკის უფლება და გთხოვთ ყველა დეპუტატს, დავიწყოთ გამოძიება, ვთხოვ მინისტრს, რომ მან ამ ორ დანაშაულზე პლუს მორალური პასუხისმგებლობაც აიღოს და კარგად დაფიქრდეს იმაზე, რაც დღეს თქვა.

მან თქვა რამდენიმე რაღაც, რაც რეალობა არ ყოფილა... სამეგრელოში იციან თქმა, თქვენი ხელიდან მკვდარიაო, თქვენი ხელიდან გათავისუფლებული იყო ის, რადგან 49-ე მუხლით უარის შემდეგაც შეგეძლოთ გათავისუფლება და იმას ნუ დაგვამადლით, ერთი კვირა კომაში რომ იყო ადამიანი და კომიდან რომ არ გაათავისუფლეთ, ეს არის ძალიან მძიმე მორალური პასუხისმგებლობა, ძალან მკაფიო სამართლებრივი კაზუსი და დილემა თქვენი, რომ დაიწყოთ გამოძიება.

ყველას, ვინც მორალზე საუბრობთ, მინდა გთხოვოთ, წარმოიდგინოთ ჩემს ადგილზე თავი - ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა.

კომენტარები