განათლების სისტემა

სტუდენტები ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ ფაკულტეტზე მობილობისას შესაბამის გამოცდას ჩააბარებენ

საქართველოს პარლამენტი

განათლების მინისტრის ინფორმაციით, იმ სტუდენტებს, რომლებიც ტექნიკური ფაკულტეტიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გადასვლას გადაწყვეტენ (ან პირიქით), წინაპირობის დაძლევა მოუწევთ. მიხეილ ბატიაშვილმა პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ მობილობის შეზღუდვაზე საუბარი არ არის, მაგრამ "მობილობა არ უნდა ხორციელდებოდეს წინაპირობების გარეშე". მისი თქმით, ისტორიკოსი ვერ შეძლებს პროგრამირებაზე სწავლას, თუ მას არ აქვს შესაბამისი უნარები.

"გვინდა, რომ რაღაც გავაუმჯობესოთ, მზად ვართ სამსჯელოდ. თუ ტექნკური სპეციალობიდან ტექნკურ სპეციალობაზე უნდა გადასვლა, მობილობა თავისუფლად შეუძლია, თუ ისტორიკოსს უნდა, მაგალითად, პროგრამირებაზე გადასვლა, თუ მას არ აქვს მათემატიკური უნარები... შეიძლება, მათემატიკა ჩააბაროს, სამსჯელოა" - ამბობს მინისტრი.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, შესაბამისი გამოცდა შესაძლოა უნივერსიტეტმა დანიშნოს, შესაძლოა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს მისი ჩატარება.

"მობილობის შეზღუდვაზე არ არის ლაპარაკი, საუბარია გრძელვადიან ჩარჩოზე" - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, აბიტურიენტებს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მხოლოდ ორი სავალდებულო საგნის - ქართული ენის და ლიტერატურის და უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ. მოიხსნება ზოგადი უნარების გამოცდა და მის არჩევითობას უნივერსიტეტი გადაწყვეტს. ამასთან, უნივერსიტეტი დააწესებს მიმართულებების მიხედვით გამოცდას - აბიტურიენტებს, რომლებსაც ტექნიკურ ფაკულტეტზე მოხვედრა სურთ, სავარაუდოდ, მათემატიკის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო ჰუმანიტარებს - ისტორიის.

"უნდა გავზარდოთ უნივერსიტეტების ავტონონიმიურობა ამ არჩევანის მიხედვით და მაქსიმალურად შევზღუდოთ ცუდი პრაქტიკა, როდესაც შესაძლებელია ტექნიკურ სფეროებში მოხვედრა ჰუმანიტარული საგნებით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, უნივერსიტეტს აქვს ავტონომია, ნებისმიერი საგანი მოითხოვოს, რომელიც ჩატარდება ჩვენ მიერ და უზრუნველყოფილი იქნება, რომ უფრო თავისუფლება მივცეთ უნივერსიტეტს" - თქვა მიხეილ ბატიაშვილმა. 

კომენტარები