აფხაზეთის ეპარქია

კირილმა საქართველოს დელეგაციის პარალელურად აფხაზი სქიზმატების ლიდერი მიიღო

ბესარიონ აპლიაა
patriarchia.ru

1 თებერვალს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 10 წლის იუბილეზე, როცა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვს სტუმრობდა კირილმა აფხაზი სქიზმატების ლიდერს, მღვდელ ბესარიონ აპლიაას უმასპინძლა.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ მღვდელი ბესარიონ აპლიაა მოსკოვის პატრიარქმა სხვა იერარქებთან ერთად მიიღო. 

ფოტოალბომს თან ახლავს აღწერილობა: "2019 წლის 1 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სატახტო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა კირილმა მიიღო ინტრონიზაციის 10 წლისთავის მილოცვები".

მღვდელი ბესარიონ აპლიაა აფხაზური სქიზმატური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია, რომელთაც 2009 წელს ავტოკეფალია გამოაცხადეს, თუმცა ეპისკოპოსის არყოლის გამო, წირვისას პატრიარქ კირილს მოიხსენიებენ.

წლებია მღვდელ ბესარიონს სისტემატური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან. მან ხელდასხმა საქართველოს საპატრიარქოსგან ოკუპაციამდე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კანონიკური ნორმების დარღვევის, ქართველოფობიური განცხადებებისა და ავტოკეფალიის გამოცხადების მიუხედავად, მღვდელი ბესარიონ აპლიაა საქართველოს საპატრიარქოს მიერ განკვეთილი არ არის, რაც მოსკოვის საპატრიარქოს შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნოს მასთან ევქარისტიული კავშირი და გაუგზავნოს მოსკოვის საპატრიარქოში ნაკურთხი ეთნიკურად აფხაზი მღვდლები.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

საქართველოს საპატრიარქო არც ამჯერად გამოუხატავს პროტესტი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში შემოჭრის გამო.

კომენტარები