აფხაზეთის ეპარქია

რუსი იერარქი მრევლს მოუწოდებს ახალი ათონის მონასტერში არ ეზიარონ

ახალი ათონის მონასტერი
www.trekearth.com

მოსკოვის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა, მთავარეპისკოპოსმა არსენიმ გამოხატა შეშფოთება, რომ აფხაზეთში, ახალი ათონის მონასტერში კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას ორი მონოზონი, რომელსაც აკრძალული აქვს ღვთისმსახურება.

"შეშფოთებას იწვევს ახალი ათონში, მართლმადიდებელი პილიგირიმების მონაწილეობა ღვთისმსახურებაშეჩერებული სასულიერო პირების მიერ აღვლენილ წირვა-ლოცვაში. ნაწილობრივ გაუცნობიერებლად პილიგრიმები აღსარებას აბარებენ და ეზიარებიან აღნიშნულ ღვთისმსახურებთან" - ნათქვამია მთავარეპისკოპოსის განცხადებაში.

იერარქი მოუწოდებს მღვდლებს, გააფრთხილონ აფხაზეთში მოსალოცად წამსვლელი მრევლი არ ეზიარონ მღვდელმონაზონ ანდრეი ამპართან და თოროთე დბართან.

ტაბულა უკვე წერდა, რომ წინა წლის 15 მაისს, არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით „საეროთა და სასულიეროთა ყრილობამ" ანაკოფიის მიტროპოლია დააარსა, რომლის მმართველადაც კრებამ დბარი დანიშნა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში ორი დაპირისპირებული სასულიერო ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგან ერთს აფლიაა, ხოლო მეორეს დბარი ხელმძღვანელობს. რუსეთის ეკლესია სქიზმატებს შორის დავაში აფლიაას ანიჭებს უპირატესობას.

ორივე ჯგუფი აფხაზური ავტოკეფალიის მომხრეა. თუმცა დბარმა ზაფხულში დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო დაპირებით, რომ ის ბერძნებს აფხაზების მიერ 2009 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღიარებას გამორჩებოდა. ამასთან, მან ღიად დაიწყო რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკა აფხაზეთში. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ეკლესიამ დბარს ღვთისმსახურება აუკრძალა. 

 

 

 

კომენტარები