აშშ

ჰავაიზე, შესაძლოა, მოწევის კანონით დაშვებული ასაკი 100 წლამდე გაიზარდოს

New York Post

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჰავაიზე მოწევის კანონით დაშვებული ასაკი, შესაძლოა, 100 წლამდე გაიზარდოს, რაც პრაქტიკულად მოწევის აკრძალვას ნიშნავს. 

დემოკრატ რიჩარდ კრეიგანის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, ცვლილებები 2020 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში განხორციელდება. ცვლილება ელექტრო სიგარეტებს, საღეჭ თამბაქოებსა და სიგარებს არ ეხებათ. რიჩარდ კრეიგანს სჯერა, რომ ეს საშუალებები "საგრძნობლად უფრო ნაკლები ზიანის მომტანია", ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტები, მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, "თამბაქოს ყველა პროდუქტი საზიანოა და იწვევს კიბოს". 

ამ კანონპროექტის მიხედვით, 2020 წელს მათი ასაკი, ვისთვისაც მოწევა კანონით იქნება დასაშვები 30 წლამდე გაიზრდება, 2021 წელს - 40 წლამდე, 2022 წელს - 50 წლამდე, 2023 წელს - 60 წლამდე, ხოლო საბოლოოდ კი, 100 წლამდე გაიზრდება მათი ასაკი, ვისაც სიგარეტის ლეგალურად ყიდვა შეეძლება. 

კრეიგანი სიგარეტს "კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ არტეფაქტს უწოდებს". მისივე თქმით, სიგარეტის ინდუსტრიის წარმომადგენლები სიგარეტებს ისე ამზადებენ, რომ ძალიან დამოკიდებულს ხდიდეს ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ იციან თამბაქოს ლეთალური შედეგების შესახებ. კრეიგანი სიგარეტს ოპიოიდებს ადარებს და ამბობს, რომ არც მათი მოხმარებაა დაშვებული. 

2017 წლის იანვარში ჰავაი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, რომელმაც მოწევის კანონით დაშვებული ასაკი 21 წლამდე გაზარდა. სხვა შტატებში ასაკი 18-დან 19 წლამდე მერყეობს. 

კომენტარები