პირველადი სამედიცინო დახმარება

არიზონელმა კაცმა ქალს გულის მასაჟი The Office-ში ნასწავლი ხერხით გაუკეთა და ის გადაარჩინა

SCREENSHOT VIA VIDEO BY NETFLIX US/TWITTER

არიზონელმა კაცმა, კროს სკოტმა, რომელიც საბურავების მაღაზიაში ტექნიკოსად მუშაობდა, საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა ჩაეტარებინა გულ-ფილტვების რეანიმაცია CPR (გულის პირველადი მასაჟი), თუმცა მაინც მოახერხა ამ მეთოდით უცნობი ქალის გადარჩენა. 

როგორც აღმოჩნდა, კროს სკოტი პოპულარული ამერიკული სატელევიზიო შოუს The Office-ის მაყურებელი იყო და, საბედნიეროდ, 2009 წელს გამოშვებული მე-5 სეზონის ერთერთი ეპიზოდი Stress Relief ჰქონდა ნანახი. 

2-ნაწილიან ეპოზოდში ოფისის თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში გულ-ფილტვების რეანიმაციის სწორად გაკეთებას ასწავლიან. ერთერთ მონაკვეთში კი, ტრენერი მთავარ პერსონაჟს უხსნის, რომ იმისათვის, რომ გულის მასაჟი სწორად გააკეთოს, უმჯობესია Bee Gees-ის Stayin' Alive იმღეროს, რადგან ეს მას საშუალებას მისცემს, წუთში იმ სისწრაფით გააკეთოს გულის მასაჟი, რამდენიც ეს საჭიროა. 


კროს სკოტს ეს ხერხი მოულოდნელად დასჭირდა, როდესაც 11 იანვარს ერთერთი მომხმარებლის მანქანას საცდელად მართავდა. სკოტმა მოულოდნელად შეამჩნია თეთრი ფერის სედანი, რომელიც გზიდან იყო გადასული. მანქანის ფარები ოდნავ ანათებდა და ამიტომაც, 21 წლის სკოტმა გადაწყვიტა, მანქანასთან მისულიყო და გაერკვია, რა ხდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანა ნელნელა უკან გორდებოდა, მან დიდი ქვა აიღო და საბურავს გარედან დაუდო, რომ მანქანის დაგორება შეეჩერებინა, რის შემდეგაც, მან დაინახა, რომ მძღოლის სავარძელზე გონებამიხდილი ქალი იჯდა, რომელსაც ტუჩები გალურჯებული ჰქონდა. 

სკოტმა კიდევ ერთი ქვა ფანჯრის ჩასამტვრევად გამოიყენა, სანამ ორი თვითმხილველი ქალი 911-ზე რეკავდა. სკოტი ყვება, რომ ქალს მაჯაზე პულსი გაუსინჯა და ვერაფერი ვერ იგრძნო. მისი თქმით, ის ხვდებოდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა და უნდა გაეკეთებინა სწარაფად, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რა უნდა ექნა. 

"საკუთარი თავი არასდროს მომიმზადებია გულ-ფილტვების რეანიმაციისათვის, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი,"- ამბობს სკოტი Star-თან საუბრისას. 

სწორედ ამ დროს გაახსენდა Office-ის ზემოხსენებული ეპიზოდი, სადაც მთავარ პერსონაჟს, სტივ ქარელს, ასწავლიან, რომ გულის მასაჟის სწორად გასაკეთებლად ის Stayin' Alive-ის ბიტებზე უნდა ააწყოს. 

სკოტი ყვება, რომ ამის შემდეგ ის მძღოლის სავარძლისკენ გადაიხარა, ქალს ხელები გულზე დააწყო და ძალიან ხმამაღლა დაიწყო სიმღერა: "Ah, ha, ha, ha, stayin' alive, stayin' alive".

დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, იხსენებს სკოტი, ქალი უკვე სუნთქავდა. ის გულის მასაჟებს დამატებით კიდევ 10 წუთის განმავლობაში უკეთებდა, სანამ ქალი, სახელად კარლა, გონზე არ მოვიდა.

ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ რომ არა სკოტი, ამ ქალის ბედი, სავარაუდოდ, სულ სხვანაირი იქნებოდა. სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. სკოტი ამბობს, რომ ის სამედიცინო ცენტრიდან უკვე გაწერეს. 

კომენტარები