ქართული ოცნება

კალაძე: მადლობა ბატონ ბიძინას, რადგან ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაერთიანებლად

კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების 11 მაისის ყრილობაზე
ქართული ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მისი შეფასებით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაერთიანებლად. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

"ალბათ, ხედავდით, ბოლო დროს როგორ ვითარდებოდა მოვლენები - იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, იყო ისეთი განცხადებები თანაგუნდელების მიმართ, როგორიც ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. მსჯელობა მიმდინარეობს ყველა პრობლემურ საკითხზე. მე მივესალმები ამ შეხვედრას. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, რადგან ის თავად მონაწილეობს ამ შეხვედრაში და ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი გაერთიანდეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი როლიც მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტში იყოს ერთსულოვნება, ერთიანი მიდგომები. ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს განსახვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალურიც არის, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ მსჯელობა უნდა მოხდეს გუნდის შიგნით. ასე რომ, მადლობა ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლის ამ ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა და ერთსულოვნება შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გუშინაც გაიმართა. დეპუტატებმა თქვეს, რომ სხდომაზე სასამართლო რეფორმის და უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი განიხილეს.

კომენტარები