ყაზტრანსგაზ თბილისი

ყაზტრანსგაზი: კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ერთდროულად 2 ბინაში ჟონავდა

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ერთდროულად ორ ბინაში ჟონავდა. კომპანიის ცნობით, მათ ვაჟა ფშაველას გამზირის 25 ა-ში მცხოვრებმა მობინადრემ შეატყობინა, რომ აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

"შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით.

გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს ამ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვთ შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად, მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ. ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის" - აცხადებს ყაზტრანსგაზ თბილისი.

კომენტარები