იტალია-საფრანგეთი

დი მაიო: აფრიკიდან მიგრაცია ევროპული ქვეყნების ბრალია, განსაკუთრებით საფრანგეთის

ლუიჯი დი მაიო და მატეო სალვინი
ANSA

იტალიის ეკონომიკის მინისტრმა და სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიის "5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერმა ლუჯი დი მაიომ თქვა, რომ საფრანგეთი აფრიკული ქვეყნების ეკონომიკებით მანიპულაციას ცდილობს და ამ ქვეყნებში სიღარიბის და მიგრაციის გამომწვევია.

"საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც 14 აფრიკული ქვეყნისათვის ფულის ბეჭდვით მათ ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს და ხელს უწყობს მასობრივ მიგრაციას, რის შედეგადაც მიგრანტები ზღვაში იღუპებიან, ან ჩვენს სანაპიროებზე გადმოდიან. თუ ევროპას სიმამაცის გამოჩენა სურს, გამბედაობა უნდა ეყოს აფრიკის დეკოლონიალიზაციის საკითხის კონფონტაციისათვის.

ევროკავშირმა საფრანგეთს და მის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც აფრიკას აღარიბებენ და მიგრაციას იწვევენ სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან აფრიკელები აფრიკაში უნდა იყვნენ და არა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე. ის, რომ დღეს ხალხი აფრიკას ტოვებს ევროპული ქვეყნების ბრალია, ყველაზე მეტად კი საფრანგეთის, რომელსაც ათობით აფრიკული ქვეყნის კოლონიზაცია დღემდე არ შეუწყვეტია." თქვა მან.

გარდა ამისა, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიის "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ თქვა, რომ საფრანგეთს ლიბიაში საკუთარი ენერგოინტერესების გამო მშვიდობის დამყარება არ სურს.

"ლიბიაში საფრანგეთი სიტუაციის სტაბილიზაციით დაინტერესებული არ არის. ალბათ იმიტომ, რომ ნავთობით არის დაინტერესებული, რაც იტალიისას ეწინააღმდეგება." თქვა მან.

დი მაიოს და სალვინის კომენტარების გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს.

ლიბიაში იტალიური კომპანია Eni და ფრანგული Total ეწევიან საქმიანობას. იტალიური ფირმის აღმასრულებელი დირექტორის თქმით კომპანიებს შორის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა იტალიის მთავრობაში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების მოსვლის შემდეგ დაიძაბა.

საფრანგეთი იტალიას საიმიგრაციო პოლიტიკის და მიგრანტებისათვის პორტების ჩაკეტვის გამო აკრიტიკებდა. გასული წლის ივნისში იტალიამ გემებს, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვაში აფრიკიდან მომავალი ასობით მიგრანტი გადაარჩინეს პორტები დაუხურა და არ მიიღო.

კომენტარები