უვადო მოსამართლეები

მოსამართლეები მიმართავენ პარლამენტს, აღარ გაგრძელდეს მათი კანდიდატურების განხილვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

"არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას." - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში წერია, რომ მათ წარდგენას არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და გარკვეული პირები ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს, ამიტომ ისინი მიმართავენ პარლამენტს, აღარ განიხილონ მათი კანდიდატურები. 

"ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას." - წერია მოსამართლეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

მიხეილ ჩინჩალაძე

პაატა სილაგაძე

დიმიტრი გვრიტიშვილი

მერაბ გაბინაშვილი

ნინო სანდოძე

თამარ ალანია

გიორგი ტყავაძე

გიორგი მიქაუტაძე

10 მოსამართლე 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. 

სია პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა თუმცა საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა. სიის გადავადებას დაუკავშირა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ეკა ბესელიამ, მან თქვა რომ ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვა შეაჩერა. 

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

კომენტარები