აფეთქება დიდ დიღომში

ბაქრაძე აფეთქებაზე: აუცილებელია ამ მძიმე შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე დიდ დიღომში დაღუპლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ბაქრაძის თქმით, აუცილებელია ამ მძიმე შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

"დიდ  მწუხარებას გამოვთქვამ დიდ დიღომში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. აუცილებელია ამ მძიმე შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ." - თქვა დავით ბაქრაძემ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის განცხადებით,  კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. 

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. 

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები