უზენაესის მოსამართლეები

კობახიძე: მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე ორ ფორმატში ვიმუშავებთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი საგაზაფხულო სესიისთვის უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გადავადდა. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, კობახიძის თქმით, დიალოგის შედეგად გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული ჯგუფის მუშაობაში. კობახიძე არ აკონკრეტებს იქნება თუ არა სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია.

"სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში. იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული." - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც პროცედურა, ასევე, კრიტერიუმები, ორ ფორმატში - სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება.

„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურაზე და კრიტერიუმებზე, რასაც, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარსადგენი მოსამართლეების სია პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა, თუმცა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. განხილვის გადადების შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

კომენტარები