აშშ

ტრამპი: თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ, თუ ქურთებზე დარტყმას მიიტანენ

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ დაწერა. ის თურქეთს ეკონომიკურად განადგურებით დაემუქრა, თუ ქურთების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს და ამასთანავე ქურთები გააფრთხილა პროვოკაციებისაგან თავი შეიკავონ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროების შემთხვევაში უახლოესი ბაზებიდან გაგრძელდება:

"ვიწყებთ სირიიდან გამოსვლის პროცესს, რაც დიდი ხანია უნდა დაგვეწყო, ამასთანავე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დარჩენილ ტერიტორიებს მძიმე დარტყმებს ვაყენებთ ბევრი მიმართულებიდან. თუ ის ხელახლა შეიქმნება, თავს დავესხმებით ახლომახლო არსებული ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ, თუ ქურთებზე დარტყმას მიიტანენ. შეიქმნება 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონა. ამასთანავე არ გვსურს, რომ ქურთებმა თურქეთს პროვოკაცია მოუწყონ. რუსეთმა, ირანმა და სირიამ აშშ-ის მიერ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურების ხანგრძლივი პოლიტიკისაგან ყველაზე მეტად იხეირეს - ბუნებრივი მტრები არიან. ჩვენც ვიხეირეთ, თუმცა ახლა დროა ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. შევაჩეროთ უსასრულო ომები!"

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც. თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რის შემდეგაც პენტაგონისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ რომელიმე მხარი მიერ სირიის ჩრდილოეთში ცალმხრივი ქმედებები, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია.

თურქეთმა უკვე განახორციელა სამხედრო ოპერაციები ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებული "სახალხო დაცვის შენაერთების" წინააღმდეგ, თუმცა ამ დრომდე ევრფატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებიც იყო განთავსებული, ოპერაციებისაგან თავს იკავებდა.

კომენტარები