რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება სურს

Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც სამხედრო ძალებს საშუალებას მისცემს გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავები ჩამოაგდონ.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ძალებს შეეძლებათ ჩამოაგდონ ის სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეს ავტორიზაციის გარეშე გადაკვეთენ, ხმელეთიდან გაცემულ მითითებებს არ დაემორჩილებიან, სტრატეგიული ობიექტებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ ან ეკოლოგიური კატასტროფის ან მასობრივი მკვლელობის საფრთხეს ქმნიან.

ცვლილების მიხედვით თავდაცვის სამინისტრომ რეაგირება მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრციდან 50 კილომეტრშია. კანონპროექტში არაა დაზუსტებული როგორ განისაზღვრება საფრთხის დონე.

ამჟამინდელი კანონმდებლობით სამხედრო ძალებს უფლება აქვთ ცეცხლი გაუხსნან ტერორისტების მიერ გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავს, თუმცა ხომალდის, რომელის ბორტზეც მგზავრები იმყოფებიან, ჩამოგდების უფლება არ აქვთ.

კომენტარები