გრიპის ვირუსი

ტამიფლუ უფასოდ - მთავრობა ამბობს, რომ წამალს ექიმის დანიშნულების შემთხვევაში უფასოდ გასცემს

emm-a-man.com

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ "ტამიფლუს" საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიიღო.

"მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, "ტამიფლუ" უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას", - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

უცნობია, კონკრეტულად რა პერიოდამდე გაგრძელდება მედიკამენტის უფასოდ გაცემა და რა თანხა დაიხარჯება ამაზე ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი აქამდე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" შეძენას შეძლებთ.

კომენტარები