გრიპის ვირუსი

112 მოსახლეობას: სასწრაფო მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიძახეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112" მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ.

შსს-ში ამბობენ, რომ ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად გაზრდილი 
მომართვიანობის გამო, "112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

"ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, "112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. "112", ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "112" მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება ასევე ამბობს, რომ 112 მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო  სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო სკოლებსა და ბაღებში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

კომენტარები