ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი

ჯაფარიძეს არჩევნების დღეს უკვე "ზურაბ გირჩი" ერქვა, თუმცა მან ეს არ იცოდა

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook/Zurab Japaridze

2018 წლის არჩევნებზე გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მას სახელი გასაუბრების ჩატარების გარეშე შეუცვალა.

ჯაფარიძე 2018 წლის 8 ოქტომბრიდან ოფიციალურად ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, თუმცა მან ამის შესახებ დღეს, 2019 წლის 9 იანვარს გაიგო. ამასთან, 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ბიულეტენზე მისი ძველი სახელი "ზურაბ ჯაფარიძე" ეწერა. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ მან სახელის შეცვლის შესახებ შემთხვევით გაიგო, როდესაც შვილისთვის კონკრეტული საბუთის გასაკეთებელად იუსტიციის სახლს მიაკითხა, სადაც უთხრეს, რომ მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაუქმებული იყო, რადგან მას სახელი შეუცვალეს. 



შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნებამდე 1 თვით ადრე მიმართა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, მეორე სახელად მისთვის "გირჩი" ჩაეწერათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავდაპირველად ცესკო უარს ამბობდა, ჯაფარიძე ოფიციალურად პარტია გირჩის სახელით ყოფილიყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ჯაფარიძეს ამომრჩევლისათვის მიცემული პირობა შეესრულებინა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის არჩევნებზე ბიულეტენზე აუცილებლად დაეწერებოდა "გირჩი", მას სახელი უნდა შეეცვალა. 

თუმცა, მოგვიანებით, ცესკომ გირჩს უფლება მისცა, რომ არჩევნებზე სწორედ პარტიას წარედგინა ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა. 8 ოქტომბერს ჯაფარიძემ სამინისტროსგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ პროცედურა დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ ის გასაუბრებაზე არ დაუბარებიათ, პოლიტიკოსის თქმით, მან ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა გააუქმეს. 

"მითხრეს, რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში "გირჩი"-ს ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ. არავინ შემომხმიანებია. 8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი, რომ დასრულდა პროცედურა, რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე რომ განცხადება გააუქმეს" - წერს ჯაფარიძე.

გირჩში ამბობენ, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის მიხედვით, გადაწყვეტილება სახელის შეცვლის შესახებ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა იყოს მიღებული. მათივე თქმით, წარმოების ამ ფორმას სპეციფიკურ შემთხვევებში იყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს ფორმა უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომაც, გირჩის იურისტების თქმით, როდესაც უწყებას ამ ფორმის გამოყენების ვალდებულება აქვს, მათ ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულს, რომ ჩაატარონ ზეპირი მოსმენა. მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს მასზე მოსალოდნელი გადაწყვეტილების განხილვაში. ამასთან, გასაუბრების პროცესში უნდა მიიწვიონ ექსპერტები და მოწმეები. 

მათი განცხადებით, როდესაც ირღვევა ადმინისტრაციული წარმოების სახე, ეს გადაწყვეტილება ბათილია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეს სახელის ოფიციალურად შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, შესაბამისად, თუკი გადაწყვეტილება არ გაბათილდება, პოლიტიკოსს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს "ზურაბ გირჩად" დარჩენა. 

ტაბულა დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები