ქართული ოცნება

ბესელია: რასაც ვაპირებ, ამაზე ვისაუბრებ ხვალ

საქართველოს პარლამენტი

"რასაც ვაპირებ, ამაზე ვისაუბრებ ხვალ" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. მან რუსთავი 2-ის დასმულ კითხვას, რომელიც გია აბაშიძის გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, სისულელე უწოდა.

"ამ დავალებით მოხვედით ახლა აქ? ასეთ სისულელეზე სალაპარაკოდ მდარაჯობთ სახლთან? მე დამსდევთ ასე? უხერხულია" - უთხრა ბესელიამ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა გია აბაშიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ "ეკა ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი ომეგას მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად, თუმცა, რაკი დავა ვერ მოგვარდა, ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება, ზაზა ოქუაშვილმა კი, ამის ჩანაწერი მოამზადა". აბაშიძის ინფორმაციით, "ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან".

აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ნამდვილად გაიმართა ფრაქციის სხდომა, თუმცა, დეპუტატების ინფორმაციით, მასზე ეკა ბესელიაზე არ უმსჯელიათ. მათი თქმით, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის საკითხზე მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებენ და ბესელიას გარიცხვა დღის წესრიგში არ დამდგარა. ფრაქციის სხდომაზე გედევან ფოფხაძე, რომელიც ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაასახელა, კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

თავად ეკა ბესელიამ გია აბაშიძის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაწერა, რომ ის მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ გააფრთხილეს. დეპუტატის თქმით, "ამას ბოდვაც აღარ ჰქვია".

"არ მინდა ვიფიქრო, რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს (ასეთად არ ვიცნობდი). ორი დღის წინ გამაფრთხილეს, შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო. იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი, რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს, ვერაფრით მივხვდი... არც ვიცნობ პირადად... ვერც შინაარსში შევდივარ, იმდენად დიდი სისულელეა... მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოჰყვეს. არ მინდა, სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს.. მეღიმება მაინც. ეს რამ მოაფიქრათ" - დაწერა ბესელიამ Facebook-ზე 2 იანვარს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ამის მიზეზად კი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. ბესელიას გადაწყვეტილებას კრიტიკული განცხადებები მოჰყვა მისი რამდენიმე კოლეგის მხრიდან და ის "არაგუნდურ თამაშში" დაადანაშაულეს.

კომენტარები