აშშ

მექსიკასთან კედლის აგების საკითხზე უთანხმოების გამო ტრამპი საგანგებო რეჟიმით იმუქრება

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მექსიკასთან კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან დამატებით თანხას არ გამოყოფს, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმს დააწესებს. 

პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ნაწილობრივ უკვე ემზადება საგანგებო მდგომარეობისთვის, რომელიც შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, იქამდე, სანამ მექსიკასთან კედლის ასაშენებლად თანხა არ გამოიყოფა.

ტრამპის ინიციატივას დემოკრატი სენატორები ეწინააღმდეგებიან. სწორედ მათთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ტრამპმა ე.წ შათდაუნის შესახებ. 

დემოკრატებთან 90-წუთიან შეხვედრას, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, პრეზიდენტმა ტრამპმა "ძალიან პროდუქტიული" უწოდა, თუმცა როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა გამოიყენოს საგანგებო მდგომარეობა, რომლის მეშვეობითაც, კონგრესისთვის გვერდის ავლით მექსიკასთან კედლის ასაშენებლად თანხის გამოყოფას შეძლებს, მან თქვა, რომ ამ ვერსიას განიხილავს. 

"შესაძლოა, ეს გავაკეთო. ჩვენ შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ და ეს კედელი ძალიან სწრაფად ავაგოთ. ეს ამის გასაკეთებლად კიდევ ერთი გზაა. 

ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. მე ამას შათდაუნს არ ვეძახი, მე ამას ვეძახი იმის გაკეთებას, რაც გასაკეთებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სარგებლიანობისთვის,"- თქვა ტრამპმა.

ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილი აქვს რამდენიმე სამინისტროს და დაახლოებით 800 000 საჯარო მოხელე 22 დეკემბრის შემდეგ უხელფასო შვებულებაში იმყოფება. 

კომენტარები