კრიმინალი

ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

REUTERS

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული ნ.ზ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ნ.ზ. სხვა პირთან ერთად გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ჯგუფურად თავს დაესხა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ გ.მ.-ს და თ.მ.-ს და დანის მუქარით თანხა მოსთხოვა. დაზარალებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგად თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.ზ. 2018 წლის 3 აპრილს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები