დღეს, განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ია კერზაიას საქმეზე უნდა ემსჯელათ, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ მივიდა. ამ საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციის წევრებსა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შორის. სხდომას ესწრებოდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.
ოპოზიციის თქმით, მათ სხდომამდე არ იცოდნენ, რომ მინისტრი კომიტეტზე არ მივიდოდა. მათივე თქმით, მთავარი კითხვები სწორედ მინისტრთან ჰქონდათ.
“დღევანდელი მოსმენა დაკავშირებულია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარ ტრაგედიასთან. ევროპული საქართველო ითხოვდა ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოსვლას. ამის შემდეგ, მინისტრის ინიციატივა იყო, რომ მომხდარიყო კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხის განხილვა და ფაქტობრივად, ჩვენ ვიცოდით, რომ მინისტრი მოვიდოდა აქ. თქვენ გუშინდელ დღემდე არ გქონდათ ინფორმაცია, მინისტრი მოდიოდა თუ არ მოდიოდა. ახლა აქ მინისტრის მოადგილეებიც კი არ არიან და თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე დღეს მინისტრს აქვს საერთოდ? მთავარი კითხვები არის მინისტრთან, მათ შორის, რატომ არ არის დღემდე გათავისუფლებული აუდიტური სამსახურის უფროსი “ - მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა მარიამ ჯაშს.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, მინისტრი აუცილებლად შეხვდება პარლამენტარებს. მისივე თქმით, ის არ ერიდება არანაირ კითხვებზე პასუხს.
უმცირესობამ წამოაყენა წინადადება, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დღეს მომზადებული ანგარიში, როგორც წესია, წინასწარ გაეგზავნოთ დეპუტატებს, ხოლო შემდგომ, მათ კითხვებს უპასუხოს განათლების მინისტრმა.
დღევანდელი სხდომა დაიხურა და გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.
თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.
ბაჩანა შენგელია მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე პროკურატურამ უკვე გამოკითხა.