ლევან მურუსიძე

კახიძე მურუსიძეზე: ოცნებამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ძირეული რეფორმა დაიწყოს

ევროპული საქართველო ხელისუფლებას სასამართლოს ძირეული რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებს. პარტიის წევრი ოთო კახიძე სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას აფასებს. კახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა გაიაზროს. 

„გვინდა გამოვეხმაუროთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, როდესაც მათ გუშინ უვადოდ დაამტკიცეს მოსამართლე ლევან მურუსიძე. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს მართლმსაჯულების სისტემას, არამედ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა - ხარებავამ, გზირიშვილმა, ქადაგიძემ. ესენი არიან პირები, რომლებიც პარლამენტმა გაამწესა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას - პირველ რიგში, გაიაზრონ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს და რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს კი ნუ გვთავაზობენ საზოგადოებას, არამედ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა დაიწყონ." - თქვა კახიძემ.

კახიძე ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პაკეტი წინადადებების, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და დავიწყოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს, რომელიც დღითიდღე გააუარესებს სასამართლოში მდგომარეობას. ეს არის ჯგუფი, რომელიც იყო როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მორჩილი, და მზად არის ნებისმიერი დაკვეთა და ნებისმიერი დავალება შეასრულოს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. ქართული საზოგადოების ვალია, ყველანაირად შევეცადოთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ.“ - თქვა ოთარ კახიძემ.

ლევან მურუსიძე გუშინ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მას საბჭოს 11-მა წევრმა მისცა ხმა. 

ლევან მურუსიძე მანამდეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, თუმცა, არა უვადოდ დანიშნული. წარსულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც იყო, ასევე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 

მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

კომენტარები