მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა

ქართული ოცნების პრესსამსახური

"ჩვენი ამოცანაა ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა და ვისურვებდი, ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა 2018 წლის ბოლო მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგიზე.

მამუკა ბახტაძემ საქართველოში სიღარიბეზე და მის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა, - "ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა საქართველოში, რომლის გამომწვევი წყარო რამდენიმეა. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მცირეა. ეს მათ შორის უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და მოქმედი წესები ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. ჩვენი ახალი საბაჟო კოდექსი, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, დაზღვევის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე.

ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მსხვილ ხარჯად რჩება ჩვენი მეწარმეებისთვის", - ამბობს მთავრობის მეთაური.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების "დრაკონული წესების" შეცვლას გულისხმობს.

მან ასევე ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება, - "წელს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ ქართველ მეწარმეებს. ჩვენ ამ პროგრამას მომავალში გავაგრძელებთ და ჩვენი ამოცანაა, 2018-2020 წლების განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ლარი დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა, რაც მათ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - ამბობს პრემიერი.

კომენტარები