განათლებისა და სპორტის სამინისტრო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საუკეთესოები დაასახელა

რუსთაველის თეატრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის ნომინანტები დააჯილდოვა.

საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღიარეს. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს შვიდი რეკორდი დაამყარა.

საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დასახელდა, რომელიც ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში წაუგებლად გავიდა.

საუკეთესო მენეჯერი სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.

საუკეთესო ლეგიონერად საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია აღიარეს.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი გახდა, რომელმაც სამბოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობებში მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დასახელდა.

საუკეთესო მსაჯად ელისო ბედოშვილი მიიჩნიეს - ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახლავთ მხატვრულ ტანვარჯიშში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები