საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, დანია, ლიეტუვა - სად შეიძლება დასაქმდნენ ქართველები ლეგალურად

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2019 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა იქნება. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

ამის შესახებ მინისტრმა წლიური შეჯამების დროს თქვა.

"არსებობს შეთანხმება ევროკავშირთან - "პარტნიორობა მობილურობისათვის" და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების კუთხით საქმიანობა. ამის ნათელი ნიმუში გახლავთ საფრანგეთი. 2013 წელს გავაფორმეთ ჩვენ საფრანგეთთან ორმხრივი შეთანხმება ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიკაცია. შემდეგ უკვე ჯერი იყო საფრანგეთის პარლამენტზე, სადაც საკმაოდ გაიწერა ეს პროცესი შიგნით მიმდინარე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მაგრამ ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა საფრანგეთის პარლამენტმა და რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას და მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ ოფიციალური არხებით შეტყობინებას, გამცნობთ, როდის შევა ეს შეთანხმება ძალაში", – თქვა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ ცნობილი გახდება ის კრიტერიუმებიც, რომელსაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ და გარკვეული საპილოტე პროგრამები უკვე განხორციელდა. დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ შეთანხმების კონკრეტული ვადის დასახელება გაუჭირდება.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, დანიასთან და ლიეტუვასთან. ეს არის ის ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. მე გამიჭირდება დღეს გითხრათ თუ რა იქნება ის დროის ჩარჩოები, რა პერიოდშიც ჩვენ მოვახერხებთ მათთან შეთანხმების მიღწევას. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად ვითანამშრომლებთ, რომ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების კუთხით მომავალ წელს ხელშესახები შედეგები დავდოთ", - თქვა მინისტრმა.

გარდა ამისა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთანაც.

კომენტარები