გახარია კერზაიას საქმეზე: სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია

პარლამენტი

"ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია" - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის დეპუტატების კითხვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გარდაცვალების საქმეზე. 

გახარიას თქმით, დღეს ია კერზაიას შვილი ადვოკატი ბაჩანა შენგელია პროკურატურაში იყო დაბარებული და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, საქმე აღიძრება. 

"აი, გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მსგავსი თემების გამოყენება... 

აქ ერთმა ქალბატონმა ბატონი საბანაძე დაადანაშაულა. მე გპირდებით პირადად, ერთ საქმესაც და მეორესაც დავამთავრებთ და შემდგომ, სპეციალურად, აი, ამ თემებისთვის მოვალ აქ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ აი, ასე დაჯდეთ და ან ერთ თემაზე ან მეორეზე ვისაუბროთ, მერე, უბრალოდ, შეგრცხვებათ. მე ერთ რამეს ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, უბრალოდ, ამორალურია," - თქვა შს მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

სკოლის შემოწმებას რამდენიმე კვირის წინ Facebook-ზე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების შემდგომ პერიოდში სკოლაში ინსპექციას "პოლიტიზებულ პროცესს და "ზეწოლას" უწოდებდა ოპოზიციაც.

კომენტარები