ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა

ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე: განათლების სისტემის პოლიტიზირება დაუშვებელია

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ოჯახს უსამძიმრებს, - "ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს." მისი თქმით, სამინისტრო ყველა იმ ორგანიზაციასთან და დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს სწავლობს.

მიხეილ ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება დაუშვებელია, - "აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება დაუშვებელია, ზეწოლის არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დარწმუნებული ვარ, ეს დადასტურდება! არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე", - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებს და ამბობს, რომ "ეს არის განათლების სამინისტროში დაგეგმილი და შესრულებული მკვლელობა". ის პროკურატურას მოუწოდებს, "დასაჯოს ყველა მონაწილე, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სადისტურ აქტში".”

სკოლის შემოწმებას საავადმყოფოში გადაყვანამდე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების პერიოდში სკოლაში ინსპექციას "პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას“ უწოდებდა ოპოზიციაც.

კომენტარები