თავდასხმა ქერჩის სრუტეზე

პუტინი ქერჩის სრუტეზე: უკრაინის ხელისუფლებას მეზღვაურების დაღუპვაზე ჰქონდა გათვლა

AP

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინის ხომალდებზე თავდასხმაზეც ისაუბრა.

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებას მეზღვაურების სიკვდილზე ჰქონდა გათვლა. 

"ისინი იქ გაგზავნეს... გათვლა ჰქონდათ, რომ მათგან ვიღაც დაიღუპებოდა, საბოლოო ჯამში. და როგორც ვხედავ, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მმართველ წრეებში იმ გარემოებამ, რომ არავინ დაღუპულა. თუმცა, მადლობა ღმერთს, ეს არ მომხდარა," - თქვა პუტინმა. 

მან, ასევე, თქვა, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციაა, რათა მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რეიტინგი აუმაღლდეს. 

"ეს რეიტინგის ამაღლების ცუდი საშუალებაა,"- თქვა პუტინმა, რომლის რეიტინგის ვარდნასაც, როგორც წესი, საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში აგრესიის განხორციელება. 

26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები