დავით კირკიტაძის დაკავება

პროკურორი: კირკიტაძემ 2015-ში შეფარდებული გირაოს პირობა დაარღვია, პატიმრობა ამიტომ მოვითხოვეთ

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო
რუსთავი 2

დავით კირკიტაძის საქმის პროკურორი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი ბრალდებულისთვის 2015 წელს შეფარდებული გირაოს დარღვევა გახდა.

პროკურორი განმარტავს, რომ 2015 წელს კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და მას 10 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

"მას 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით, მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, არ არსებობდა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და მას შეეფარდა პატიმრობა", - ამბობს სანდრო გიორგაშვილი.

რაც შეეხება კირკიტაძის ამჟამინდელ ბრალს, ამაზე პროკურორი არ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ​​საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

გურჯაანის რაინულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები