ჯიხურები თბილისში

კალაძე: თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი

ქართული ოცნების პრესსამსახური

"თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი," - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ძალიან ბევრი ჯიხური ქალაქში არასწორ ადგილზე არის განთავსებული და ხელს უშლის როგორც ქვეითთა, ისე სატრანსპორტო მოძრაობას. კალაძე ამბობს, რომ იქ მომუშავე ადამიანებს ხელშეკრულების ვადა უკვე გაუვიდათ და მერია ახალ აუქციონს გამოაცხადებს, თუმცა მერის აზრით, არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს. 

"დაახლოებით 6 წლის წინ თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ქალაქში დაახლოებით 2500 ჯიხური განათავსა. ძალიან ცუდ ადგილებზეა ეს ჯიხურები განთავსებული. ხსენებული ჯიხურები უმრავლესობას სულ ახლახანს გაუვიდა ხელშეკრულების, იჯარი ვადა და დღეს იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური ამდენივე და შეიძლება ითქვას უფრო მეტ ადამიანს ინახავს და შეიძლება მათთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყოს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია არსებულ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება. მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდება ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპებზე, მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ. თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ყველა ის ჯიხური, რომელიც თავისი მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, რა თქმა უნდა, დარჩება თავის ადგილზე და ჩვენ თავიდან გამოვაცხადებთ აუქციონს და მათ ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა." - ამბობს კალაძე.

რაც შეეხება იმ ჯიხურებში მომუშავეებს, რომლებიც მერიის აზრით, არასწორ ადგილას დგას, მიეცემათ 3-დან 6 თვემდე ვადა, რათა მათი ჯიხურის ადგილი შეცვალონ, სხვა შემთხვევაში კი მერია მათ აიღებს. 

"დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზე არის განთავსებული და წარმოადგენს პრობლემას, ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6 თვემდე. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონო ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ის ჯიხურები, რომლებიც არასწორ ადგილაზე არის განთავსებული უნდა გავასწოროთ, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა და შემდეგ მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ საქმიანობა." - ამბობს კალაძე.

 

კომენტარები