კრიმინალი

ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი 1975 წელს დაბადებული ხ.ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს "ქურდულ სამყაროს". შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული უცხოეთში მყოფ ძმასთან ერთად, მეტსახელად "პაწუა" მონაწილეობდა "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. 

"ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან ქურდული სამყაროს წევრობისთვის იძებნებოდა, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ში ამბობენ, რომ ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი ("ქურდული სამყაროს" წევრობა, "კანონიერი ქურდობა"), რომელსაც მას ედავება გამოძიება, 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები