ტერეზა მეი

კონსერვატორები ტერეზა მეის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას უყრიან კენჭს

EPA

კონსერვატორები პარტიის ლიდერის და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის უნდობლობის პროცედურას დღეს, 12 დეკემბერს უყრიან კენჭს.

გრემ ბედიმ, კონსერვატორების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მან 48 წერილი მიიღო კომიტეტის წევრებისგან, სადაც ისინი მეის უნდობლობას უცხადებენ. ეს თემთა პალატის კონსერვატორი წევრების 15%-ია, რაც ნიშნავს, რომ საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ მეის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა დაიწყოს.

მეის წინააღმდეგ ბრექსითერი კონსერვატორების უნდობლობის გამოცხადების მთავარი მიზეზი, მეის ევროკავშირიდან გამოსვლის ხელშეკრულება გახდა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული სამეფო ბრექსითის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო კავშირში განუსაზღვრელი ვადით რჩება.

ფარული კენჭისყრა ინგლისის დროით 18:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება და ხმის მიცემის პროცედურაში 315 კონსერვატორი პარლამენტარი მიიღებს მონაწილეობას. კენჭისყრის შედეგები 1 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, რომლითაც გავიგებთ, შეინარჩუნებს თუ არა ტერეზა მეი პარტიის ლიდერის და შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის პოსტს.

ტერეზა მეის 158 ხმა სჭირდება გადასარჩენად. ამის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში ახალი კენჭისყრის ჩატარება იზღუდება. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ მის წინააღმდეგ 100-ზე მეტი პარლამენტარი მისცემს ხმას, რაც მეისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

ტერეზა მეიმ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს პოზიციის შესანარჩუნებლად. მისივე თქმით, მისმა გადაყენებამ შეიძლება შეაჩეროს ბრექსითის პროცედურა.

ევროსკეპტიკოსი კონსერვატორების ერთობლივ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ტერეზა მეი “უნდა წავიდეს”. 

ვრცლად ტერეზა მეის ხელშეკრულების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

კომენტარები