მთის განვითარება

მამუკა ბახტაძემ 13 წლის გიდს "მთის შვილის" წოდება მიანიჭა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანი "მთის შვილის" წოდებით დააჯილდოვა.

სიგელი გიდს ბახტაძემ დღეს "ექსპო ჯორჯიაში" მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.

ბახტაძის თქმით, გიორგი ქოჩქიანი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი პატრიოტი, ნიჭიერი და გულწრფელი თაობა იზრდება მთაში.

"ევროპიდან მყავდა სტუმარი, რომელიც ძალიან ცნობილი მეცნიერია, რომელიც ასზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და წერს ამ ქვეყნებზე წიგნებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მას გიდები აწვდიან. ამ ადამიანმა მითხრა, რომ სვანეთში, უშგულში არის ბიჭი, რომელიც ყველაზე საინტერესო გიდია, ვინც კი ოდესმე შემხვედრიაო. გიორგი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, ნიჭიერები და რაც მთავარია - გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ასე უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არაეფექტური ამოცანაა. საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე", - ამბობს ბახტაძე. 

13 წლის გიორგი ქოჩქიანი პირველი არხის გადაცემა "ახალი კვირის" სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. მან ოთხი ენა იცის და ცხრა წლიდან საკუთარი შემოსავალი აქვს.

 

კომენტარები