კრიმინალი

ე.წ. კანონიერი ქურდის, გოგი ხატოევის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

ტვ პირველი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

​უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულის სისხლია აღმოჩენილი.

ტატიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მიმდინარე წლის 11 მარტს მოხდა. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდი, გოგი ხატოევი იყო, თუმცა მას გვარი შეცვლილი ჰქონდა და საბუთების მიხედვით რატიანი იყო.

მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ეს მუხლი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები