ქართული მარშის აქცია

ზედელაშვილი: "ქართული მარშის" ქსენოფობიურ ძალადობას კონსტიტუცია არ იცავს

Facebook/ David Zedelashvili

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის სახლთან შეკრებილი ქსენოფობიური დაჯგუფების, ქართული მარშის, პიკეტის მცდელობა უკანონოა და პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს თანაზომიერი ფიზიკური ძალა ბლოკადის მოსახსნელად, იმ შემთხვევაში, თუ ბლოკადა ნებაყოფლობით არ მოიხსნება. 

ტაბულასთან საუბრისას ზედელაშვილი ამბობს, რომ შენობის ბლოკირება შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური დაცვით არ სარგებლობს და კანონით აკრძალულია. 

"კონსტიტუცია ვერ დაიცავს მოძალადეს, რომლის გაცხადებული მიზანი ქსენოფობიურ საფუძველზე, სხვა ადამიანების უფლებების განხორციელების ძალადობრივი ხელის შეშლაა. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებამ იუსტიციის სახლის ბლოკირებით უკანონო ხასიათი შეიძინა, პოლიციას თავისი მოქმედებით შეუძლია უზრუნველყოს როგორც პროტესტის მონაწილეთა შეკრების თავისუფლება, ისე საზოგადოებრივი წესრიგი და საჯარო სერვისების გამართული მუშაობა. პროტესტის მონაწილეებს უნდა განემარტოთ, რომ ბლოკადის მოხსნის შემდეგ, შეუძლიათ შეკრების გაგრძელება შენობის მიმდებარედ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ იუსტიციის სახლის მუშაობას. თუ ბლოკადა ნებაყოფილობით არ მოიხსნება, პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს ყველა ზომა, თანაზომიერი ფიზიკური ძალის ჩათვლით, იმისათვის რომ შენობის ბლოკადა დაასრულოს,"- ამბობს ზედელაშვილი. 

ძალადობრივი, ქსენოფობიური დაჯგუფება "ქართული მარში" დღეს იუსტიციის სახლთან შეიკრიბა. ისინი შენობის პიკეტირებას ცდილობენ და უცხოელებს სახელმწიფო დაწესებულებაში არ უშვებენ. მარშის წევრები ამბობენ, რომ შენობის პიკეტირების მიზანია, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე (მიწასთან დაკავშირებით ახალი კანონი ძალაში 16 დეკემბერს, არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა) არცერთი უცხოელი არ შევიდეს იუსტიციის სახლში, რათა მათ მიწების დარეგისტრირება ვერ შეძლონ. 

პოლიცია ძალადობრივ ჯგუფს არ შლის და ნაცვლად ამისა, სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რითიც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლში შესვლა უფრო გართულდა. 

წაიკითხეთ ასევე იურისტის, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის, მოსაზრება

კომენტარები