არსენალი

The Sun-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც არსენალის ფეხბურთელები ე.წ. სასაცილო გაზს ისუნთქავენ

The SUN

ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun ლონდონის არსენალის ფეხბურთელების გართობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ სპორტსმენები გასაბერი ბუშტებიდან სავარაუდოდ აზოტის ოქსიდს, ე.წ. "სასაცილო გაზს", ისუნთქავენ.

ამ ნივთიერების რეკრეაციულ ნარკოტიკად მოხმარება ეიფორიას, წარმოსახვის გაძლიერებას და ხანდახან ჰალუცინაციებს იწვევს. იშვიათ შემთხვევებში, "სასაცილო გაზის" დიდი ოდენობით ქრონიკულად მოხმარება, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

კადრებში ჩანს, რომ აზოტის ოქსიდს ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მესუთ იოზილი, მატეო გენდუზი და სეად კოლაშინაცი ისუნთქავენ. ვიდეოში არიან შკოდრან მუსტაფი და გენრიხ მხითარიანიც, მაგრამ მათ "სასაცილო გაზი" არ მიუღიათ. 

The Sun-ის ცნობით, ვიდეოში ასახული წვეულება, ლონდონში აგვისტოში, სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაიმართა. ამავე ინფორმაციით, 12 ფეხბურთელს თან 70 ქალი ახლდა. როგორც გამოცემა წერს, კერძო წვეულება, ძვირადღირებული ვისკისა და შამპანურის ჩათვლით, სულ 30 000 ფუნტამდე დაჯდა. 

ფეხბურთელებს წვეულების გასაჯაროება არ სურდათ და თავის დაზღვევის მიზნით, ქალებს ტელეფონები ჩამოართვეს. მათ სათვალთვალო კამერები ვერ გაითვალისწინეს, ტაბლოიდსაც სწორედ ეს მასალა ჩაუვარდა ხელში.

გავრცელებულ კადრებს არსენალის პრესსამსახური ოფიციალურად გამოეხმაურა:

"კლუბი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნულ ინციდენტზე ისაუბრებს და შეახსენებს მათი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ არსენალის წინაშე".

კომენტარები