საფრანგეთი "ყვითელი ჟილეტების" აქციის განახლებისთვის ემზადება, დააკავეს 32 ადამიანი

AFP

საფრანგეთი ანტი-სამთავრობო პროტესტის განახლებისთვის ემზადება. ქუჩებში თითქმის 90 ათასი სამართალდამცავია მობილიზებული. მოხლოდ პარიზში ათასობით პოლიციელია განლაგებული. მობილიზებულია ჯავშანტექნიკაც.

BBC-ის ცნობით, აქციის დაწყებამდე პარიზში უკვე დააკავეს 32 ადამიანი, თუმცა ქუჩებში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

საფრანგეთის დედაქალაქში დაკეტილია მაღაზიები. არეულობის საფრთხის გამო დაკეტილია ეიფელის კოშკიც.

შაბათ-კვირას მოსალოდნელი არეულობის თაობაზე საფრანგეთის მთავრობამ გაფრხილება 6 დეკემბერს გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში თქვეს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციის მონაწილეები დედაქალაქში დაბრუნებას და ვანდალიზმის გაგრძელებას გეგმავენ.

"ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები