ფრანგული მედიის მიხედვით მთავრობა საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტს შეაჩერებს

Reuters

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით საფრანგეთის მთავრობა საწვავზე გადასახადების გაზრდის პროექტს შეაჩერებს.

პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპს მომიტინგეებთან შეხვედრა სურდა, თუმცა "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის წევრებმა უარი თქვეს.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მომიტინგეების ნაწილისაგან, ვინც კომპრომისების წინააღმდეგია, მოკვლის მუქარები მიიღეს, თუ მთავრობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს. ტრიუმფალურ თაღზე მომიტინგეებმა წარწერები გააკეთეს: "ამაზე ნაკლებისთვის თავებს ვკვეთდით" და "დაამხეთ ბურჟუაზია".

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოპონენტებს "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებს, რათა მისი რეფორმები დაბლოკონ. ფრანგი მინისტრების თქმით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება ჯერ-ჯერობით არ განიხილება. პრემიერმინისტრი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. მათი ნაწილი, მათ შორის ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი მაკრონის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

კომენტარები