თაკო ჩარკვიანზე თავდასხმა

ჩარკვიანი: კალაძემ "გააპრავა" ბოროტმოქმედება, ის უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან

თაკო ჩარკვიანი თბილისის მერის, კახა კალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ჩარკვიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩარკვიანი მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ, კახა კალაძის კომენტარს გამოეხმაურა. კალაძემ დღეს ამ თემაზე საუბრისას თქვა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი". ჩარკვიანი კალაძის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

„კალაძემ პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს ოჯახებისს მომავალი შევიწროებისკენ. ვკითხულობ მის ციტატას : „რასაც დასთეს, იმას მოიმკი”, ამას ცხადია, გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე შევატყობინებთ ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენი ოჯახის აღმოჩნდა დიდი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ. პრაქტიკულად „გააპრავა“ ბოროტმოქმედება მოქმედმა მერმა.  ვინაიდან მისი თანამშრომლეი არის დავით მაჭავარიანი, არათუ მოქმედი, პრაქტიკულად ამ ინციდენტის ერთერთი ორგანიზატორი იყო.“ - ამბობს ჩარკვიანი.  

ჩარკვიანი ამბობს, რომ თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი ამ კონფლიქტის ორგანიზატორი იყო და დავით გორგოძეს მოგვიანებით მხოლოდ იმიტომ აკავებდა, რომ არ უნდოდა ის ცუდ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.

"პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის ტიპის სახელმწიფო, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. დიახ, ბატონო ბიძინა, ამიტომ წავედი ოპოზიციაში 2012 წელს, როცა ვნახე, რომ თქვენ ხელისუფლება კი არ გინდოდათ, არემედ გინდოდათ ბევრი „ბანდერლოგი“ თანამდებობაზე, რომლებსაც თანხას გადაუხდიდით და შემდეგ იოლად იოლად გაყიდიდით ამ პატარა ქვეყანას. მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვენ ვართ ოჯახები, ისტორიას კი პიროვნებები და ოჯახები ქმნიდნენ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ 400 ათასი ამომრჩეველი იყო, ახლა გახდა 800 ათასი. როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“, დამნაშავედ გამოცხადდა რომელიმე პარტია? მაშ რა ხდება?! ქალაქის მერი მოუწოდებს, რომ 800 ათასი ადამიანის ოჯახი შევიწროვდეს. ხვალ დილით ვხდებით ეუთო-ს წარმომადგენლებს, ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, ვითხოვთ ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, გათავისუფლდეს სამსახურიდან ქალაქის მერი, აღარ ვსაუბრობ მაჭავარიანზე, უხერხულია, რომ ასეთი კრიმინალი, რომელმაც ორგანიზება მოახდინა ამ ბინძური თავდასხმისა, დარჩეს ტავის თანამდებობაზე. ”, – თქვა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ მას მაჭავარიანი აეროპორტში ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდა. "შემირცხვენია ის საქართველო, რომელიც აეროპორტში თაკო ჩარკვიანის ოჯახს, ირმა გიგანის თანდასწრებით, ჯონი გიგანს ეტყვის, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს. შემირცხვენია ასეთი საქართველო”, – ამბობს ჩარკვიანი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ  "ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს". ასე გამოეხმაურა კალაძე თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმას. 

კითხვაზე, "თქვენ ამბობთ, რომ როდესაც ტელევიზიიდან ისმენენ გინებას, ამაზე შეიძლება გაღიზიანდნენ და ის რეაქცია იყოს, რაც იყო?", კახა კალაძე პასუხობს - “რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი?".

რამდენიმე დღის წინ თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ. ჩარკვიანი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ერთერთ დაკავებულს დავით გორგოძეს დღეს აღკვეთის ღონისძების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

კომენტარები