არჩევნები 2018

საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან

Reuters

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს გამართოს დიალოგი ოპოზიციას მათ მიერ დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა უთხრა.

"საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან მათ მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ. თავად პრეზიდენტი მზად არის, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში", - თქვა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

"ჩვენ ხელისფულებას ვთავაზობთ შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა დავუშვათ 5 ადამიანის მიერ, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავსხდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ 2 დეკემბერს გამართულ აქციაზე.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირები იდეას არ იზიარებენ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები. თბილისის მერის და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, გაუგებარია, რისთვის უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი. დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება. ეკა ბესელიას თქმით კი, "რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი".

კომენტარები