კალაძე: თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

კახა კალაძე

კახა კალაძის თქმით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 

კალაძემ ეს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა. მერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 921 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შედეგად გაიზრდება. 

„დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს იმ თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით არსებობს. 2019 წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს. აქედან 35%, ანუ 327 მლნ ლარი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება, ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 455 მლნ ლარი, ეკოლოგიისთვის - 88 მლნ ლარი, გამწვანებაზე კი 26 მლნ ლარი დაიხარჯება“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაწყებულია. 

კომენტარები