არჩევნები 2018

აშშ: სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეშფოთებას ვიზიარებთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას არჩევნებში სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები.​

"არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები და მზად ვართ ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ მათ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საელჩოს განცხადებაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. 

განცხადების მიხედვითვე, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და კეთილდღეობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"შეერთებული შტატები და საქართველო არიან და იქნებიან ძლიერი პარტნიორები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, კეთილდღეობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მზად ვართ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ ამ ქვეყნის წარმატებისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები