ეკა გიგაური

გიგაური: სასამართლოს აზრით, ივანიშვილის სატელიტს შეუძლია უსაფუძვლოდ დაგაბრალოს დანაშაული

ტაბულა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, მან ცილისწამების შესახებ სასამართლო დავა წააგო.

ეგა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიციის" დირექტორს, გურამ ადამაშვილს და გოგა ხაინდრავას იმ განცხადებებისთვის უჩიოდა, რომლის მიხედვით, გიგაურს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე, თითქოს მან დააჯილდოვა აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები, რის გამოც, დააწინაურეს.

"საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს ცილისწამებაა და ამიტომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გიგაურმა ადამაშვილს და ხაინდრავას 2015 წელს უჩივლა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი დღეს გახდა ცნობილი.

ეკა გიგაურის თქმით, ზუსტად იცოდა, რომ მის წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძოდა და ასეთ პირობებში "მურუსიძის სასამართლოს" იმედი არ უნდა ჰქონოდა, თუმცა სასამართლოში მაინც წავიდა, რადგან მისთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - წერს ეკა გიგაური.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

"აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც! არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები. მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე "მიუკერძოებელ" და "სამართლიანს” მსოფლიოში!", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქზე.

კომენტარები