არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მე სრულებით არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე, 70 და 80%-იანი

ტაბულა

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალურ ვიზიტს ევროპაში, ბრიუსელში გამართავს. ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"მემგონი არავისთვის საკვირველი არ არის, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ვეროპა, იქნება ბრიუსელი, იქნება ბერლინი და პარიზი და იქნება ის ბალტიის ქვეყნები, რომლის პრეზიდენტმა ქალმა ირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამე." - ამბობს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება მის მიერ მიღებულ ხმების რაოდენობას ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა.

"თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მე სრულებით არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე 70 და 80 %-იანი. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა , ეს არის დემოკრატია, ეს არის ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და ის არის მზად დემოკრატიისთვის." - ამბობს ზურაბიშვილი.

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დათვალა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა ხმა. ოპოზიციური ერთობის ძალა ერთობაშია კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე კი - 40.48 %-მა. ზურაბიშვილმა 1 147 627 ხამ მიიღო, ვაშაძემ კი - 780 633

კომენტარები