Pew Research Center-მა გერმანიასა და აშშ-ში კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ამერიკელებსა და გერმანელებს მათი ქვეყნების ურთიერთობაზე განსხვავებული წარმოდგენა აქვთ. მათი აზრები იყოფა არა მხოლოდ ზოგადად ქვეყნების კავშირზე, არამედ მომავალ ურთიერთობებზეც. აშშ-ში 10-დან 7 ადამიანი ამბობს, რომ აშშ-სა და გერმანიას შორის კარგი ურთიერთობაა, მაშინ, როდესაც გერმანელების 73% ამ ურთიერთობებს უარყოფითად აფასებს.
გარდა ამისა, 10-დან 7 ამერიკელი ამბობს, რომ აშშ-მა უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს გერმანიასთან, თუმცა იმავეს სურვილს გერმანელების მხოლოდ 41% გამოთქვამს. მიუხედავად ამისა, როგორც ამერიკელები, ასევე გერმანელები თანხმდებიან, რომ მათმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ჩინეთთან.
განსხვავებულია დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამერიკელების 58%-ის თქმით მათ ნაკლები თანამშრომლობა სურთ რუსეთთან. რაც შეეხებათ გერმანელებს, 10-დან 7 გერმანელს უფრო მჭიდრო კავშირი სურს რუსეთთან.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გერმანელების უმეტესობას უნდა, მეტად დამოუკიდებელი გახდეს ამერიკისგან, მაშინ, როდესაც ამერიკელების უმრავლესობას ევროპასთან ახლო ურთიერთობები სურს.
მიუხედავად ამ განსხვავებებისა, გერმანელებისა და ამერიკელების დამოკიდებულება ზოგიერთ საკითხზე ემთხვევა. ამერიკელების 64%-სა და გერმანელების 63%-ს დადებითი შეხედულება აქვს ნატო-ზე. გარდა ამისა, ორივე მხარე თანხმდება, რომ თავისუფალი ვაჭრობა სასარგებლოა ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის.





