კრიმინალი

შსს: მუხიანში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე, 1983 წელს დაბადებული დ.ე. დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა 1985 წელს დაბადებული ნ.ც. და მასთან ერთად მყოფი, 1984 წელს დაბადებულ გ.თ., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ორივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა ნ.ც. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები