ჰეიკო მასი

ჰეიკო მასი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს

ჰეიკო მასი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მასმა რუსეთს მოუწოდა საერთაშორისო კანონების მიხედვით იმოქმედოს და პატივი სცეს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს.

"მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთი მიჰყვეს საერთაშორისო კანონებს და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტი არ დაარღვიოს." თქვა მან და აღნიშნა, რომ ამის მისაღწევად გერმანიას და ევროპელ მოკავშირეებს ნათელი პრინციპები და ევროპის საერთო უსაფრთხოებისათვის ნამდვილი დიალოგი სჭირდებათ.

ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებზე კომენტარი გააკეთა კანცლერ ანგელა მერკელის მოკავშირემ, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ როიტგენმაც. მისი აზრით რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უნდა გამკაცრდეს:

"ამ დროისათვის სანქციების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, მაგრამ, მე ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, მსგავსი ქმედება პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს და ჩემი აზრით, არავინ უნდა თქვას, რომ დამატებითი სანქციები არ იქნება."

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

პეტრო პოროშენკო პარლამენტს მოუწოდებდა საომარი მდგომარეობა 2019 წლის 25 იანვრამდე გამოცხადებულიყო.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები